„ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“ – ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში იმყოფება

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ბათუმში.
პრემიერ-მინისტრი ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მივიდა, სადაც დაახლოებით შუადღისთვის საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.
ღარიბაშვილის თქმით, მოისმინა ვახტანგ გომელაურისგან ვერსიები, თუმცა წინასწარ დასკვნების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

„ძალიან სამწუხარო ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანამდეა მოყოლილი. დაახლოებით სამასი მაშველი მუშობს ადგილზე, ყველა საშუალება აქვთ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ცოტა ხნის წინ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომლის თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.