COVID-19 - ბოლო ცნობები

თითოეულ ვაქცინირებულზე 20 ლარი – ექიმების წამახალისებელი პროგრამა იწყება

ჯანდაცვის სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ წახალისების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს 60 წელს ზემოთ პირებში ვაქცინაციის ტემპის ამაღლებას.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ექიმები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნებენ და იმუნიზაციის პროცესში ჩართავენ, სახელმწიფოსგან თითოეულ პირზე 20 ლარს მიიღებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ PalitraNews-ის ეთერში.
წახალისების სისტემა 8 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
„ახლა ჩვენ უკვე იმ ეტაპზე მივედით, როდესაც რთულია ადამიანი პირისპირ კომუნიკაციის გარეშე დაარწმუნო, რომ აცრა უსაფრთხო და ეფექტურია. ოჯახის ექიმი და ექთანი ნებისმიერ შემთხვევაში მაინც დიდი ზეგავლენის მატარებელია, განსაკუთრებით, სოფლად“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ჯანდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია კონსულტაციის პროცესში მედიკოსების აქტიურად ჩართვა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რომელი ვაქცინებით გაკეთდება ე.წ. ბუსტერ-დოზა – თამარ გაბუნიამ განმარტა
განსაკუთრებით ეს ეხება 60 წელს ზემოთ პირების კონსულტაციას, რომლებიც ინფიცირების კუთხით რისკ-ჯგუფში შედიან. დღეს არსებული ეპიდვითარების ფონზე სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ პირთა ვაქცინაციაა განსაკუთრებულად პრიორიტეტული.
ჯანდაცვის სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ წახალისების ახალი სისტემა ხელს შეუწობს 60 წელს ზემოთ პირებში ვაქცინაციის ტემპის ამაღლებას.
უწყებაში სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპები, განსაკუთრებით პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი, მკვეთრად შემცირდა.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში 60 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია აქტიურად არ განხორციელდება, ჰოსპიტალური სექტორი დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება და გაიზრდება ლეტალობის მაჩვენებელი.
დღეისათვის აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 21%-ია.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.844.965 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 995.019 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 849.946 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,8%. 6 ოქტომბერს აიცრა 7.815ადამიანი.