თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი მოქალაქე ცოცხალია და მას სამედიცინო დახმარებას უტარებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება.
კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი მაშველებმა ნგრევიდან ცოტა ხანში ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს ზრდიდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს – სამუშაოები ძირითადად ხელით, მძიმე ტექნიკის გარეშე მიმდინარეობს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებიც მწრივში ჩადგნენ და ნამტვრევებს ერთმანეთს ხელით აწვდიან, მაშველებს ეხმარებიან იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.