თბილისი, 8 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთი წლით გაუხანგრძლივა სანქციები თურქეთს, რომლებიც მის წინააღმდეგ 2019 წელს დაწესდა სირიის საკითხებთან დაკავშირებით, იუწყება თეთრი სახლი.
„თურქეთის ქმედებები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო შეტევების საწარმოებლად ძირს უთხრის „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების კამპანიას ერაყსა და სირიაში, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირებს და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში“, − ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
ამასთან, ამერიკის ლიდერის განცხადებით, თურქეთის ქმედებები ასევე „უჩვეულოდ და უკიდურესად“ ემუქრება შეერთებული შტატების ეროვნულ უშიშროებასა და საგარეო პოლიტიკას.
მანამდე აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი, რომელიც შეშფოთებული იყო თურქეთის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ების შესყიდვით, ანკარას დამატებითი სანქციებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთთან ახალ შეთანხმებებს გააფორმებდა. კიდევ უფრო ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარა უახლოეს მომავალში გეგმავდა რუსული C-400-ის კიდევ ერთი პარტიის შეძენას. ერდოღანის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თურქეთის პრეროგატივაა და სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს მის საქმეებში.
2019 წელს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზეზად თურქული არმიის სირიაში შეჭრა და ქურთ ამბოხებულთა წინააღმდეგ ოპერაცია იქცა. სანქციების ჩამონათვალში მაშინ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური ჰულუსი აკარი, ენერგეტიკის მინისტრი ფათიჰ დონმეზი და მმართველი პარტია „სამართლიანობა და განვითარების“ თავმჯდომარის მოადგილე სულეიმან სოილუ მოხვდნენ.