თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია რისკ-ჯგუფში შემავალი პირების აცრით დაიწყება. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
„ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სხდომის დასრულების შემდეგ.
თანდაყოლილი და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით მოხდება.
როგორც ადრე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განმარტა, საბჭოს წევრებს ორი არჩევანი აქვთ: პირველი – იხელმძღვანელონ ჯანმოს რეკომენდაციით და 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებში განახორციელონ, ან აირჩიონ მეორე გზა და აცრან 12 წელს ზემოთ ყველა მოზარდი მიუხედავად მათი ჯანმრთელობისა. ჩხაიძის თქმით, მეორე ვარიანტით ხელმძღვანელობენ, მაგალითად, აშშ, კანადა და ევროპის ბევრი ქვეყანა.
მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების (სამი წლიდან) ვაქცინაციას ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.