„ეს არის არაქრისტიანული ქმედება“ – პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და ეკლესიის სახელით სთხოვა – შეწყვიტოს შიმშილობა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და, როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და ის უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
შიმშილობის მეშვიდე დღე: ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შიშობენ
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.