როდის და სად გაიმართება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია

თბილისში სააკაშვილის მხარდასაჭერი მასშტაბური აქციის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისში თავისუფლების მოედანზე 13 ოქტომბერს დაიგეგმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. რუსთავის ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული, მაგრამ მცირერიცხოვანი აქციები იმართება.
თბილისში სააკაშვილის მხარდასაჭერი მასშტაბური აქციის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.
სააკაშვილი: მეორე ტურში გამარჯვება აუცილებელია ქვეყნისთვის და ჩემი გათავისუფლებისთვის
რეგიონალურ ოფისებს აქციისთვის ხალხის მობილიზება დაევალათ.
„ჩვენ ვიწყებთ საქვეყნო მობილიზებას მოქალაქეებისას ორი ძირითადი მოთხოვნით, რომელიც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს“, - განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, აგრეთვე გაგრძელდება აქციები რუსთავის ციხესთან და სხვა ლოკაციებზე, რომლებიც სპონტანურად იგეგმება სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.