თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სარგებლობს ტელევიზორით და ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააკაშვილთან არ შეაქვთ არც წიგნები, არც ამანათები, განაცხადა დღეს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
„ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისათვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, თითქოს ექს-პრეზიდენტს არ მიეწოდა ლეიბი.
„დაწესებულებაში შესახლებისთანავე, კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური განმარტებას აკეთებს სახარებასთან დაკავშირებითაც.
„დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე დღეს ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა გამოაცხადა.
„სააკაშვილის ყველა უფლება ციხეში ირღვევა“, – განაცხადა მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.