ნინო მოლაშვილის ამბავიც ამის დასტურია. ის „საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების ასოციაციის“ წევრია. ატლასის ლენტებით მოქარგული მისი ყვავილები მართლა გაზაფხულის განცდას გიჩენს. ოღონდ, მისი გაზაფხული სეზონური არ არის, მარადიულია. პანდემიის დროს 140-ზე მეტი ნამუშევარი მოქარგა და შეძენის მსურველი ყველა მათგანს გამოუჩნდა...
- ქალბატონო ნინო, სანამ ქარგვით სერიოზულად დაინტერესდებოდით, ბავშვობაში ალბათ ხელსაქმის მოყვარული გოგო იყავით...
- დიახ, ჩემი ისტორია ისეთივეა, როგორიც იმ თბილისელი გოგონებისა, ვისაც ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარს. დაახლოებით ექვსი ან შვიდი წლის ვიყავი, ქსოვა რომ დავიწყე. დავამთავრე თბილისის მეშვიდე საშუალო სკოლა, ფილოლოგი ვარ, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. ჯვარედინი ქარგვა 19 წლიდან შევისწავლე. თუმცა ამაზე არ გავჩერდი, რადგან სულ მაინტერესებდა ხელსაქმის ახალი და უფრო საინტერესო ფორმები ამეთვისებინა.
- ლენტებით ხატვის სურვილი როდის გაგიჩნდათ?
- ატლასის ლენტებით ქარგვა ოთხი წლის წინ დავიწყე. მანამდე სოციალური ქსელების სხვადასხვა ჯგუფებში ვნახულობდი ატლასის ლენტებით ნამუშევრებს და ძალიან მომწონდა. ერთ დღესაც გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მეცადა და მომექარგა. ვცადე და ალბათ გამომივიდა, რადგან ჩემი ნაქარგები მოსწონთ.
- დახმარებისთვის ვინმეს მიმართეთ?
- პირველად დამოუკიდებლად გავაკეთე, მაშინ ყველასთვის საყვარელი ყვავილი - გვირილები დავქარგე. შემდეგ დავუახლოვდი ნანა გელაშვილს, რომლის დახმარებითაც ბევრი რამე ვისწავლე. მას მერე ვქარგავ და ყველაზე მეტი ნამუშევარი სწორედ ატლასის ლენტებით მაქვს შესრულებული.
- რამდენადაც ლამაზია ლენტებით ნაქაგი კომპოზიცია, ალბათ იმდენად რთულია მასზე მუშაობა...
- შედეგი მართლაც ლამაზი გამოდის, რაც შეეხება შრომას, რთულია. თუმცა თავიდან უფრო სწრაფად ვქარგავდი, ვიდრე ბოლო დროს. საერთოდ, სურათის ზომას გააჩნია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შეიძლება ერთ დღეშიც მოქარგო. მოზრდილი ნამუშევებისთვის სამიდან შვიდ დღემდეა საჭირო. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ შენ მიერ შექმნილი ნამუშევარი მოსწონთ, ეს დიდი სტიმულია და სირთულეზე აღარ ფიქრობ.
- ეს ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში თუ გქონდათ გატანილი?
- სამი წლის წინ ორჯერ მივიღე მონაწილეობა „საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების ასოციაციის" ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც სამი დღე გაგრძელდა. მაშინ იმდენი თბილი და პოზიტიური სიტყვა მოვისიმინე ჩემი მისამართით, რომ ამან სამომავლო საქმიანობისთვის ახალი ძალა მომცა. ყველაზე დიდი მოწონება ჩემს ნამუშევრებში „ბალერინამ“ დაიმსახურა.
- როგორ გამოიყენეთ პანდემიის დროს იძულებითი განმარტოება?
- თავად პანდემიამ, რა თქმა უნდა, უარყოფითი განცდები მოიტანა, მაგრამ ხელოვნება დამეხმარა იმაში, რომ ეს დრო სასარგებლოდ გამომეყენებინა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროის მანძილზე 140-ზე მეტი ნამუშევარი მოვქარგე და დღეს სახლში არც ერთი აღარ დამრჩა. მათზე ის ხასხასა ფერები და გაზაფხული აისახა, რაც პანდემიის დროს, შეიძლება ითქვას, რეალურად ვერც ვიგრძენით.
- როცა პანდემია დასრულდება...
- როცა ეს ყველაფერი ჩაივლის და პანდემია დასრულდება, პერსონალური გამოფენის დიდი სურვილი მაქვს. ჩემთვის მთავარია ხელოვნებით განცდილი ბედნიერება, ამიტომ ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი შევქმნა...