ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირები წყნეთში დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირები აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა. ერთ-ერთი ვერსიით, მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს ქვეყანა.
მასმედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ძებნილი ახალგაზრდები მთელი ამ დროის მანძილზე წყნეთში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ.
შესაძლოა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოხდეს – ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადება
ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.
მასმედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც კილერს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
როგორც კვარაცხელიას ოჯახის წევრებმა ადრე განაცხადეს, მკვლელობა არ უკავშირდება „ქურდულ სამყაროს“ და თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.