თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U19) 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა. ნორვეგიაში გამართული შეხვედრა ძირითადად ვასილ მაისურაძის გუნდის კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“ მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო პორტუგალიური „პორტოს“ ლეგიონერი გიგა აბუაშვილი გამოაკლდა.
ვასილ მაისურაძის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში ნორვეგიის, კოსოვოსა და უელსის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჯგუფს სამი ქულით ნორვეგიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც კოსოვოს მოუგო, საქართველო კი ერთი ქულით უელსთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.
ქართველი ახალგაზრდები მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს კოსოვოსთან გამართავენ, ხოლო მესამე ტურის მატჩს მასპინძელი ნორვეგიის წინააღმდეგ 12 ოქტომბერს ჩაატარებენ.