თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელმაც მუშაობა 6 ოქტომბერს სტამბულში დაიწყო, იუწყება ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო.
ფორუმში 16 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები მონაწილეობენ. ღონისძიება ოფიციალურად თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ გახსნა.
ფორუმზე განიხილავენ რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და კომუნიკაციების სექტორებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ურთიერთობის ახალი სქემების გამართულ ფუნქციონირებაზე ტრანსპორტის სხვადასხვა დარგებში, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად ჩამოყალიბდა.
ფორუმზე სიტყვით გამოვა ნათია თურნავაც, რომელიც საქართველოში მიმდინარე და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაციფროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომლის მსვლელობისას დელეგაციები რეგიონული მნიშვნელობის მსხვილ სატრანსპორტო მარშრუტებსა და პროექტებზე იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში თურნავა ასევე მონაწილეობას მიიღებს ტრანსკასპიურ ოთხმხრივ მინისტერიალში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის დელეგაციებთან ერთად, რომელზეც განიხილავენ ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებს.