თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის უსაფრთხო გარემოა შექმნილი – სტუდენტებს შეუძლიათ პრაქტიკულ, ლაბორატორიულ და კლინიკურ მეცადინეობებზე დასწრება.
როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მთელი შემადგენლობა, ასევე თანაშემწეები და მოწვეული ლექტორები სამი სავალდებულო წესიდან ერთს ასრულებენ – არიან ან სრულად ვაქცინირებული, ან კორონავირუსის დადასტურებიდან არ გასულა ექვსი თვე, ან კვირაში ერთხელ წარადგენენ PCR–ტესტის უარყოფით პასუხს.
„COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სოციალური პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია. თსსუ – უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერაა საქართველოში და მისი თანამშრომლები, სტუდენტები პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული უხილავ მტერთან ბრძოლაში. დღეს, როცა პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მისი უპირველესი მოვალეობა – შეექმნა უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემო 8.000-მდე სტუდენტისთვის – დიდი წარმატებით შეასრულა“, – ნათქვამია უმაღლესი სასწავლებლის განცხადებაში.
სექტემბერში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სამედიცინო სასწავლებლებში სტუდენტებმა, რომლებიც პრაქტიკას გადიან არადისტანციურად, უნდა წარადგინონ ან ცნობა ვაქცინაციის შესახებ, ან უარყოფითი PCR–ტესტი კვირაში ერთხელ. ასევე შეძლებენ ისინი პრაქტიკულ მეცადინეობებზე დასწრებას, თუ წარადგენენ ცნობას, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეს კორონავირუსი.