მსოფლიო დღეს

„საჭიროა ყველა დეტალის განხილვა“ - ფაშინიანი 3+3 ფორმატის შესახებ

როგორც ამასწინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი უკვე მუშაობს სომეხ კოლეგებთან სავარაუდო ფორმატზე
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით სავარაუდო „3+3" ფორმატის თაობაზე მკაფიო პოზიციის გამოსახატავად საჭიროა ყველა დეტალის დაზუსტება. იუწყება РИА Новости.
„რაც შეეხება 3+3 ფორმატს ან სხვა ფორმატებს, სომხეთმა ჯერ უნდა გაარკვიოს, რა სახის ფორმატებია ისინი, რა მიზანს ემსახურება, როგორ პირობებში და რა პრინციპებით იმოქმედებს და ბევრი სხვა დეტალი, რათა მასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატოს“, - აღნიშნა ფაშინიანმა სამთავრობო საათის მსვლელობისას.
ყარაბაღის ომი და ახალი შესაძლებლობები: რაზე ისაუბრეს თბილისში ფაშინიანმა და ღარიბაშვილმა
ამასწინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ განიხილეს „3+3" ფორმატის შექმნის ინიციატივა ამიერკავკასიის სამი ქვეყნისა და სამი დიდი მეზობლის - რუსეთის, ირანისა და თურქეთის - მონაწილეობით.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, ირანს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ამ ინიციატივის მიმართ, ისევე როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს. მან აღნიშნა, რომ რუსეთი სომეხ კოლეგებთან მუშაობს. მისი თქმით, რუსეთის მხარე იმედოვნებს, რომ საქართველო, მიუხედავად ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, შეძლებს და ამგვარი მექანიზმის შექმნაში თავის ინტერესსაც დაინახავს.