თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მე-12 საპყრობილეში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკანში ტელევიზორი არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკოსის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
„მას არ გააჩნია ტელევიზორი... მას უთხრეს, რომ საწყობში არაა ტელევიზორი და ამიტომ შეყოვნდა თურმე მისთვის საკანში ტელევიზორის დადგმა. მოგეხსენებათ, მსჯავრდებულს უფლება აქვს საკანში ჰქონდეს ტელევიზორი, მაგრამ ასეთი ტექნიკური, წვრილმანი ხერხებით ცდილობენ შეაფერხონ და მას არ ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა“, – განაცხადა ადვოკატმა სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.