თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ჩემი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, განაცხადა საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან.
ლევან მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც ნაკრებს ორი ტესტ-მატჩი უნდა გაემართა, რომელთაგან ერთის ჩატარება მოახერხა.
„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი იოჰანესბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ხანგრძლივად მკურნალობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო. მაისაშვილმა ვირუსი საბოლოოდ მხოლოდ აგვისტოს ბოლოსთვის დაამარცხა.
„ძალზე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. როგორც ექიმებმა მითხრეს, ფილტვები აბსოლუტურად პარალიზებული მქონდა. სხეულს ვერ ვგრძნობდი. არც მახსოვს რამდენი ხანი დავყავი ამ მდგომარეობაში... რასაც ჰქვია, სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი და ჩემი გადარჩენის შანსი 2% იყო. საბედნიეროდ, გადავრჩი და ყველაფერი კარგად დასრულდა“, – განაცხადა მაისაშვილმა.
მაისაშვილმა ქართველ ხალხს და გულშემატკივრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდა.