თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის დაკავება ქართულ–უკრაინულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას.
სააკაშვილის დაპატიმრების საქმე, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველაზე აქტუალური საკითხი გახდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის უკან დაბრუნების საკითხს.
„ბუნებრივია, რომ ამ საკითხსაც შევეხებით და ვისაუბრებთ, მაგრამ არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე, რომელმაც, ძველი საქმეები საერთოდ გვერდზე რომ გადავდოთ ამ მომენტში, პირდაპირ დაარღვია კანონი როგორც ერთი ქვეყნის, ისე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველები და უკრაინელები ორი მოძმე ხალხი და სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამიტომ ერთი ადამიანი ორ ქვეყანას შორის უთანხმოების საგანი ვერ გახდება.
კახა კუჭავა ვიზიტით უკრაინაში 5 ოქტომბერს გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში კუჭავა მონაწილეობას მიიღებს ბაბინ იარის ტრაგედიიდან 80 წლითავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. სხვადასხვა მონაცემებით, გერმანური ჯარების მიერ კიევის ოკუპაციის დროს ბაბინ იარში 150 ათასი ადამიანი დახოცეს – ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არანაირ ექსტრადიციაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, რადგან სააკაშვილმა დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა და სასჯელი სამშობლოში უნდა მოიხადოს.