თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია რისკ-ჯგუფში შემავალი ბავშვებით დაიწყება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძე განმარტავს, რომ, სავარაუდოდ, 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია Pfizer-ით მოხდება. თავდაპირველად კი ის ბავშვები აიცრებიან, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი და ქრონიკული დაავადებები.
„ბავშვების ვაქცინაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ მაისში გადადგა. ისინი ემზადებოდნენ სწავლის დაწყებისთვის, რათა ბავშვებთან ყოფილიყო მაქსიმალურად შემცირებული ინფიცირების რისკი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ის ასევე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური კვლევების შედეგებს უკვე გზავნის და ამ კვლევებში წერია, რომ ვაქცინაცია 5-12 წლის ასაკის ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა.
„აშშ მალე შეიტანს განაცხადს ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის თანხმობაზე. ისინი ელოდებიან, რომ ეს თანხმობა წლის ბოლომდე იქნება მიღებული. წლის ბოლომდე ამ ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაწყებული იქნება ვაქცინაცია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანას ორი არჩევანი აქვს: პირველი – იხელმძღვანელოს ჯანმოს რეკომენდაციით და 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებში განახორციელოს, ან აირჩიოს მეორე გზა და აცრას 12 წელს ზემოთ ყველა მოზარდი მიუხედავად მათი ჯანმრთელობისა. ჩხაიძის თქმით, მეორე ვარიანტი აირჩიეს შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპის მრავალმა ქვეყანამ.
მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების (სამი წლიდან) ვაქცინაციას ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.