ადვოკატი: სააკაშვილი მზადაა ნარკოტესტი ჩააბაროს

Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მზადაა ნარკოტესტი ჩააბაროს, განაცხადა პოლიტიკოსის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
„მთელი წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, გვინახავს, რომ ცურავს და როგორ ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს. ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი - დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით“, – განაცხადა ადვოკატმა.
ბასილაიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შესთავაზა – ნარკოტესტი მისთვის მისაღები ტელეკომპანიების თანდასწრებით მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბაროს.
„ნარკოტესტის შედეგებით ვისაუბრებთ", – განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილის საუბრებს ციხეში შეიძლება უსმენენ – ექს-პრეზიდენტის ადვოკატები
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.