თბილისში 5 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

გაზმომარაგების შეწყვეტა უკავშირდება ავარიას მილსადენზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ორ რაიონში 5 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
„გაზის მიწოდება აღდგება 6 ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათისთვის. გთხოვთ გადაკეტოთ გაზის ონკანები და დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაზგამანაწილებელი კომპანიის მონაცემებით, შეზღუდვა უკავშირდება ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის – ლისის ტბის მიმდებარედ (შპს „ლისი ფოს” საცხოვრებელ კომპლექსთან) არსებულ მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. სამუშაოების ჩატარების მიზნით 5 ოქტომბრის – 22:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდა:
საბურთალოს რაიონში – იური გაგარინის ქუჩაზე და ვეძისის დასახლებაში, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის და მარშალ გელოვანის გამზირზე.
ვაკის რაიონში - ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე კერძო სკოლას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – 112-ის შენობას და სხვა დაწესებულებებს.