თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის სასამართლო განხილვა 10 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ პოლიტიკოსის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ ხმაურიანი ბრალდება გამოთქვა. პრემიერის განცხადებით, სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას და ამით ქვეყანაში არეულობის პროვოცირებასა და ამაში ხელისუფლების დადანაშაულებას გეგმავდა.