სააკაშვილის პარტია მასშტაბურ აქციებს აანონსებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
როგორც ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

„ჩვენ არჩევნების მეორე ტურისთვის ვემზადებით, არჩევნებამდე მასშტაბური აქციები გაიმართება... ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას. მინდა ვთქვა, რომ ახლო მომავალში დედაქალაქში ძალიან დიდი აქცია ჩატარდება, რომლის ორგანიზება მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება... ასევე მოვემზადებით მეორე ტურისთვის, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან.

ხაბეიშვილმა ამის შესახებ რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც დაკავებული ექს-პრეზიდენტი იმყოფება. ხაბეიშვილს სააკაშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მან საპატიმროში შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხა.
„ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო“ – სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„მე, როგორც დეპუტატს, უფლება მაქვს სააკაშვილთან ციხეში შევიდე, ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ორი დღის წინ განცხადებით მივმართე კიდეც, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიმიღია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.