თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (APM Terminals Poti) არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოთის პორტის გავლით ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლის თაობაზე, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პარასკევს, 1 ოქტომბერს ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ცნობით, ის ქვეყანაში ფოთის ნავსადგურის გავლით შემოვიდა.
„ფოთის პორტი ნავსადგურის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთის და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე უფლებამოსილი და, შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის. აღნიშნული პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ“, – ნათქვამია ფოთის პორტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კორპორაცია პორტის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება. კომპანია აუცილებლობის შემთხვევაში სრულ მზადყოფნას გამოხატავს სამართალდამცველ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე.
სამართალდამცველებმა ფოთში მცხოვრები მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები 3 ოქტომბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ფოთის პორტის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.
მამა-შვილს ბრალდება სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს.
სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ პატიმრობა შეუფარდა. ცომაია იმ ბინის მფლობელია, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.