თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგე“ ყოველკვირეულ გათამაშებაში 10 ათასი ლარის მფლობელი ბათუმელი ახალგაზრდა ქალი გახდა, იუწყება საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია.
პრიზი 25 წლის ხათუნა მელიქიშვილს ერგო, იგი Sinovac-ის პრეპარატით არის აცრილი.
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო.
ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვაქცინირებულ პირთათვის ყოველდღიურად ათამაშებს ფულად პრიზებს. ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მლნ ლარია.
ლატარიის კომპანიის განცხადებით, მელიქიშვილი ხელვაჩურის რაიონში მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ერთ-ერთ ბანკში მოლარე–ოპერატორია.
ხათუნა მელიქიშვილი 3.411 გამარჯვებულიდან ერთ-ერთია, რომლებზეც საერთო ჯამში 540.400 ლარი გადანაწილდა.
ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ჯილდო თამაშდება. შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო ფონდი კი, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება, 100.000 ლარია.
StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ამ დროისთვის სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
მოგების გადამოწმება ვაქცინირებულ მოქალაქეებს stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.818.258 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 989.294 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 828.964 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,9%. 3 ოქტომბერს აიცრა 4.124 ადამიანი.