თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში არავის დაუჭერს მხარს, განაცხადა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგი ხვიჩიამ.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 ქალაქში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
„გირჩი“ არავის დაუჭერს მხარს. ჩვენი ამომრჩევლები თავად გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლების მეორე არჩევანს არც ვაკონტროლებთ და არც დიდად დაინტერესებული არ ვართ, რადგან მათი მეორე არჩევანი ძალიან განსხვავებულია“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული სისტემით ბარიერი ვერ გადალახა.
ცესკოს მონაცემებით უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ თბილისის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 40,37% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,97% „საქართველოსთვის“ – 8,86% „ლელო საქართველოსთვის“ – 3,63%. „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 3,3% „ხალხისთვის“ – 2,57%.
მთელ საქართველოში პროპორციული სიით ყველაზე მეტი ხმა – 46,69% მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 30,7%-ით, მესამეზე – გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 7,8%-ით.