თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, ექს-პრეზიდენტის სახელით ის ილაპარაკებს.
რუსთავის მე-12 საპატიმროსთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
„სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, გავაკეთებ პარტიის სახელით მე. დისციპლინა და ორგანიზება ბრძოლაში არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ექს-პრეზიდენტს, რომელსაც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდნენ, რათა არეულობის პროვოცირება მოეწყოთ და ამაში ქვეყნის ხელისუფლება დაედანაშაულებინათ.