თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის, განუცხადა მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებს ექს-პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.
სწორედ დღეს მოინახულეს პირველად ადვოკატებმა სააკაშვილი სასჯელაღსრულების რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის ჩამოვიდა თავის სამშობლოში და აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს მორიგი მიმართვაც გაავრცელა. შესაძლო ექსტრადირებაზე კი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს უკრაინის მოქალაქეების დასაბრუნებლად სამშობლოში და მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც უკრაინის მოქალაქეა.