პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს, სააკაშვილს მაინც არავინ გამოუშვებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სააკაშვილი აუცილებლად მოიხდის სასჯელს და არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაზე არ იქნება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს.
„დღეის მდგომარეობით მას 6 წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი არ მოჰყვებოდა მის ამ შემოპარვას?! ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო “, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
ღარიბაშვილი: სააკაშვილი ჩვეულებრივი ავადმყოფია და მას სჭირდება მკურნალობა
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს და მას შემდეგ, რაც სრულად მოიხდის სასჯელს, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს.
„სააკაშვილი ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში კომფორტული პირობები ექნება.