არჩევნები 2021

ევროკავშირი არჩევნებს აფასებს: პოლარიზაცია უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე

ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მიერ ხმების 99,97%-ის დათვლის შემდეგ მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამიმრჩეველთა ხმების 46,68%, ხოლო ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 30,7% აქვს მიღებული.

„ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება OSCE/ODIHR-ის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად გათვალისწინება, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს. მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასებით, საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნები მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩატარდა.
„სადამკვირვებლო მისიამ ზოგადად დადებითად შეაფასა თვითმმართველობის არჩევნები. თუმცა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით, დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება
ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს.
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.
„ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომლისთვისაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის, თბილისში გაიმართება, სადაც ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.
ცესკოს მონაცემებით, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 44,97%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიამ 33,98% მოიპოვა.