არჩევნები 2021

„რეჟიმის რღვევა დაიწყო, რაც მიგვიყვანს გარდაუვალ ვადამდელ არჩევნებამდე“ - ხატია დეკანოიძე

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. რეჟიმის რღვევა დაიწყო, „ქართული ოცნება“ დიდ ქალაქებში აგებს, რაც მიგვიყვანს გარდაუვალ ვადამდელ არჩევნებამდე, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ქუთაისში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დათვლილია და „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ უგებს.
„თითქმის დათვლილია ყველა უბანი. ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება. ბიძინას მოვუგეთ ქუთაისი. არა მარტო ქუთაისი, ყველა დიდ ქალაქში „ქართული ოცნება“ აგებს რაც ნიშნავს რეჟიმის დასასრულს“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 უბნის მონაცემები. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,75 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით.