ღარიბაშვილი: სააკაშვილი ჩვეულებრივი ავადმყოფია და მას სჭირდება მკურნალობა

პრემიერის თქმით, სააკაშვილი საქართველოსთვის წარმოადგენდა ტვირთს და გამოწვევას Youtybe-ს არხებზე ჩართვებისა და ტელეხიდების გამო.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ძალიან მალე გახდება ცნობილი, რა გზით შემოვიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ამის შესახებ არა ის, არამედ საგამოძიებო ორგანოები ისაუბრებენ.
ღარიბაშვილის თქმით, არავითარი კითხვა სააკაშვილის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაზე არ იქნება.
„მას შემდეგ, რაც ციხეში აღმოჩნდა ვაჟბატონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად საშიშ ადამიანთან გვაქვს საქმე. თვითონ საშიშ კი არ არის, ავად არის ეს კაცი, ჩვეულებრივი ავადმყოფია და მას სჭირდება მკურნალობა. კატასტროფაა, რომ ეს კაცი იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში... 18 წელია არყევს ქვეყანას და ეს კაცი მუდმივად არის დესტაბილიზაციის წყარო. დამისახელეთ რევოლუციით მოსულ კაცს, ვის მოუტანია შენება და პროგრესი. მოიტანა ნგრევა და ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა, ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. ეშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სააკაშვილი საქართველოსთვის წარმოადგენდა ტვირთს და გამოწვევას Youtybe-ს არხებზე ჩართვებისა და ტელეხიდების გამო.
ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ შოკისმომგვრელი ბრალდება გააჟღერა
„ჯერ ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორეც, რომ ყველა დაიღალა, დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა...სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, არ იხდის ბოდიშს, არ ითხოვს შეწყალებას, ამიტომ მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ნებით და თავისი ფეხით საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში კომფორტული პირობები ექნება.