თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დელეგაციის შემადგენლობაში „ევროპის სახალხო პარტიისა" და „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" წევრი დეპუტატები – ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ იყვნენ.
შეხვედრისას მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე და მიმდინარე არჩევნებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის არჩევნები, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველა სხვა არჩევნები, იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და კონკურენტული.
მთავრობის მეთაურმა ასევე არჩევნების კოვიდ-უსაფრთხო გარემოში ჩატარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ისე ამომრჩევლისა და საარჩევნო კომისიის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენების მნიშვნელობას. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.
ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.