არჩევნები 2021

„ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სკანერი გაფუჭდა“ - რა შენიშვნა აქვს ევროპარლამენტარს

საქართველოს მოქალაქეები დღეს მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი- Sputnik. ბევრი საარჩევნო უბანი მეორე სართულზეა განთავსებული და რთულად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, განაცხადა თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, მიხაელ გალერმა.
საქართველოს მოქალაქეები დღეს მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.
„ამ დროისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბევრი საარჩევნო უბანი მეორე სართულზეა განთავსებული და რთულად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასე რომ, მცირე პრობლემა არის, თუმცა ეს არის ტექნიკური საკითხი. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სკანერი გაფუჭდა, თუმცა ესეც არის ტექნიკურად მოსაგვარებელი საკითხი“, - აღნიშნა გალერმა.
მისი თქმით, ზოგადად, პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს.
„ჩვენ დავაკვირდით უბნების გახსნის პროცესს ამ დილით, უბნების გახსნამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ისინი დროულად გაიხსნა. ყველა საჭირო მასალა ხელმისაწვდომი იყო, პერსონალი ადგილზე იმყოფებოდა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაცია გაიარა 89 ადგილობრივმა და 53-მა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.
არჩევნები 2021
კარლ ჰარცელი: ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის
საქართველოს კანონმდებლობით, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებები ერთმანეთისგან განსხვავდება.
მაგალითად, საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუძლიათ მხოლოდ დააკვირდნენ არჩევნების პროცესს, ხმების დათვლის პროცესს და გაეცნონ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი.
12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ამომრჩეველთა 17,72% -მა.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.