თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მინდა სრულიად საქართველოს მოგილოცოთ ეს გამარჯვება და დიდი მადლიერება გამოვხატო თბილისის და თბილისელების მიმართ, განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ.
კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ ერს და თბილისელებს მხარდაჭერისთვის.
„ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. როგორც ყოველთვის ვამბობდი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს და ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24 საათიანი რეჟიმში ვემსახურო თბილისს, ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას“, - განაცხადა კალაძემ.
20:00 საათზე გახდა ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები. ამერიკული კომპანია GORBI–ს ეგზიტპოლებით, კახა კალაძემ მოიპოვა 51,3%, კომპანია Edison Research-ის ეგზიტპოლებით, კალაძემ აიღო 43%, ხოლო ფრანგული კომპანია IPSOS-ის ეგზიტპოლებით, მან 40,2% აიღო. კომპანია IPSOS-ის მონაცემებითვე, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას 40,8% აქვს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს ირჩევდა. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევდნენ.