არჩევნები 2021

ცესკო: არჩევნები ჩატარდება ხელმისაწვდომ და უსაფრთხო გარემოში

დღის განმავლობაში მოსახლეობა მუდმივად იქნება ინფორმირებული როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
Sputnik
ცესკო: არჩევნები ჩატარდება ხელმისაწვდომ და უსაფრთხო გარემოში
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნები პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩაატაროს, განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდან უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, 8 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და კენჭისყრის პროცესი გრძელდება.
ნათია იოსელიანმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას. ამასთან, ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.
არჩევნები 2021
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იწყება
თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან მხოლოდ უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები და მასმედია, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.
ამომრჩევლებს გადაეცემათ სამი სახის მერის, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში.
თბილისში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.
ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს ორი დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, მედია-ორგანიზაციებს ორი წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს ერთი წარმომადგენელი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
არის თუ არა მზად ცესკო უსაფრთხო არჩევნებისთვის – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი
კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ დღის განმავლობაში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები და მოსახლეობა მუდმივად იქნება ინფორმირებული როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
არჩევნები 2021
ცესკო: ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ დაიცვან განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი
ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს აირჩევს. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ.
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3.664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი.
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6.045, გადასატანი ყუთით კი 74.550 ამომრჩეველი ისარგებლებს.