თბილისი, 2 ოქტომბერში – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდა მაშინ, როცა იგი ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია პარასკევს, საღამოს გავრცელდა.
„მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, მაგრამ ჩვენ იგი სპეციალურად არ გავავრცელეთ, რადგანაც გამოვიყენეთ ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც ასეთი შედეგისთვის იყო აუცილებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია Imedi–ის ეთერში.
მისი თქმით, სააკაშვილის დაკავების წყალობით, ქვეყანამ დიდი პროვოკაცია აირიდა თავიდან.
„ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილისა და მისი მომხრეების ხელწერას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათიამითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.