არჩევნები 2021

სრულ მზადყოფნაში: არჩევნების ჩასატარებლად 3.700-ზე მეტი უბანია მზად

ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები თავისუფალ, მშვიდ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად დაახლოებით 3.700 უბანი სრულ მზადყოფნაშია, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე.

„არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3.664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 უბანი“, — აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21.483 წარმომადგენელი და 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31.310 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 დამკვირვებელი.
არჩევნები 2021
არჩევნები და პანდემია: ხმის მიცემის ინსტრუქცია
„დამკვირვებლებს შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2.927 წარმომადგენელი“, — თქვა მან.
ამასთან ცესკოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ მოქალაქეს, რომელსაც ამომრჩევლის ბარათი არ მიუღია, არ შეეზღუდება კენჭისყრაში მონაწილეობა. ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
საარჩევნო უბნები ხვალ დილის 07:00 საათზე გაიხსნება, კენჭისყრის პროცესი კი 08:00 საათზე დაიწყება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.