„მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო“ – ნინო ლომჯარია პატიმარს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ მოათავსეს.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ზელენსკი შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაპატიმრებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, სანზონაში აიყვანეს.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

„როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით, ამაზე არ სურს, რომ ვისაუბო და არც ჩვენ გვისაუბრია. არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ ფაქტს. როგორც ის აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული, თავად გააღო კარი და არ გაუწევია წინააღმდეგობა“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვები გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. მათივე ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.