თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულია საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი ინფორმაციის მისაღებად", - განაცხადა ნიკოლენკომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაახლოებით ერთი საათის წინ გამართლ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისშ, გლდანი–ნაძალადევის რაიონში, ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში დააკავეს. იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელთაგან რამდენიმეზე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამდე კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. 2017 წლის ივლისის ბოლოს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ უკანონოდ შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. 2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.