თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.
სამინისტრო ყოფილი მაღალჩინოსნებისგან თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
სექტემბრის დასაწყისში კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული ხუთიდან ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ნინუას, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე 2017 წელს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
„სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5.060.000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, საქმე ეხება მხოლოდ ერთ ეპიზოდს – სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონზე მეტი ევროს მიტაცებას.
„საუბარია არა მხოლოდ კორუფციაზე, აღნიშნული თანხა გადარიცხულ იქნა ოფშორულ კომპანიაში, ყოველგვარი საქონლის შეძენისა და მიწოდების გარეშე. ეს ქმედება ნათლად ასახავს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რასაც წინა ხელისუფლება მიზანმიმართულად ავლენდა", – აღნიშნავენ სამინისტროში.
საქართველოს პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, ე.წ. წვრთნების საქმეზე კეზერაშვილს 10 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული. თუმცა 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 2008 წელს კეზერაშვილმა 5 მილიონ ევროზე მეტი გადაურიცხა კომპანია Girwood Business Corp-ს, რომელიც ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული. პროკურატურის ვერსიით, ეს თანხა სამხედრო წვრთნებზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ საბოლოოდ ეს წვრთნები არ ჩატარდა.
კეზერაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს.
საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე წარუდგინეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა. 2013 წელს კეზერაშვილი, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, ინტერპოლმა ძებნაში გამოაცხადა, თუმცა 2015 წელს მისი გვარი ძებნილთა სიიდან ამოიღო.