თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ოქტომბრის ბოლოდან იხსნება გერმანული სამედიცინო დახმარების ცენტრი Deutsches Diagnosticum, რომელიც სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ეგიდით იმუშავებს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
Deutsches Diagnosticum პირველი სამედიცინო დახმარების ცენტრი იქნება საქართველოში, რომელიც ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ და მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას შესთავაზებს, აღნიშნავენ უწყებაში.
პაციენტებს კონსულტაციებს გერმანიიდან მოწვეული ექიმები გაუწევენ და ტელემედიცინის საშუალებით იმ მომსახურებას შესთავაზებენ, რომელიც გერმანულ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება.
ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშეა.
გერმანიის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებმა უწყების ხელმძღვანელსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის წევრებს სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის Deutsches Diagnosticum შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
2020 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავითარებს ტელემედიცინას და საინფორმაციო ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექიმებს შორის სამედიცინო ინფორმაციის გაცვლის მიზნით.