თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამუხის ველზე ქურციკების მეშვიდე თაობა დაიბადა და საერთო რაოდენობამ უკვე 200-ს გადააჭარბა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 1960 წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.
პროექტი, რომელსაც 2013 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ, საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისკენაა მიმართული.
პირველი თაობა – 10 ქურციკი აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღებაში ამ ცხოველს განსაკუთრებული როლი აქვს.