თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ქოლესტერინის მაღალი დონე სახიფათოა ორგანიზმისთვის, ვინაიდან ცხიმგროვები არტერიების კედლებს ავიწროებს და სისხლის ნაკადის მოძრაობას ზღუდავს, წერს გამოცემა Daily Express Mayo Clinic-ის სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, თუ ადამიანს ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს, შეიძლება პერიფერიული არტერიული დაავადება განუვითარდეს.
როგორც Mayo Clinic-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, სისხლის მიმოქცევის პრობლემა ჩვეულებრივ ქვედა კიდურებში ვლინდება და ტერფებისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს ბლოკავს, რაც გავლენას ახდენს ფრჩხილების სიგრძეზე.
მედიკოსები პერიფერიული არტერიული დაავადების ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად „ფეხის ფრჩხილების ნელ ზრდას“ მიიჩნევენ.
გარდა ამისა, დაავადებაზე ასევე მეტყველებს წვივის კუნთებში „მტკივნეული კრუნჩხვები“ კიბეებზე ასვლის ან სიარულის დროს, ფეხის დაბუჟება, სისუსტე ფეხებში, სიცივე წვივებსა და ტერფებში.
კიდევ ერთი ნიშანი — წვივების ფერის შეცვლაა, რა დროსაც კანი უფრო პრიალა ხდება. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა ან თმის ზრდის შენელება.
პერიფერიული არტერიული დაავადების განვითარებას ხელს უწყობს:
მოწევა;
დიაბეტი;
ჭარბი წონა;
მაღალი წნევა;
მაღალი ქოლესტერინი.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ჯანმრთელობის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ეს არის ცხოვრების წესის შეცვლა, რაც მოიცავს თამბაქოსთვის თავის დანებებას, მეტ ფიზიკურ აქტივობასა და გარკვეული პროდუქტების მიღებას.
საჭიროა მიირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული, სახამებლის შემცველი საკვები, როგორიცაა პური, ბრინჯი, კარტოფილი და მაკარონი (მთელმარცვლიანი ჯიშებისგან დამზადებული), რძე და რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო და ცილის სხვა წყაროები. ამასთან უნდა შემცირდეს ცხიმებისა და/ან შაქრის შემცველი საკვები და ალკოჰოლი.
თუ უკვე გაქვთ პერიფერიული არტერიული დაავადების დიაგნოზი, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხების მოვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურად დაიბანოთ ფეხები, კარგად გაიმშრალოთ და გამოიყენოთ დამატენიანებელი საშუალებები, რათა თავიდან აიცილოთ ნახეთქები.