თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. 2013 წლიდან დღემდე მთავრობამ მხარი დაუჭირა 1800-ზე მეტ ბიზნეს-პროექტს და მოიზიდა 2,5 მლრდ ლარის ინვესტიცია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით რეალიზებული ბიზნეს-პროექტების პრეზენტაციაზე.
მთავრობა ეხმარება მეწარმეებს პროექტების მხარდაჭერით, რასაც ახორციელებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს საშუალებით.
„2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერისა და დასტაბილურების მიზნით არაერთი პროექტი შეიქმნა, შედეგად სახეზე გვაქვს 1800-ზე მეტი დაფინანსებული პროექტი და 53 ათასი ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლიდან მთავრობა უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას იწყებს, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის 2,5 მლრდ ლარის ინვესტირება იგეგმება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა, ის, რომ ქვეყანა და ჩვენი ხალხი გახდეს თვითუზრუნველყოფილი და თვითუზრუნველყოფის დონე გაიზარდოს ქვეყანაში, რომ არ ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული და საბოლოო ჯამში გავაორმაგოთ ჩვენი ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბიზნესის დახმარების პროგრამები
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 833 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 1,8 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 30 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბრენდით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით რეალიზებულია 856 პროექტი, რომლის ფარგლებში მხარდაჭერილია იურიდიული პირები და ინდმეწარმეები.
საუბარია მცირე ფერმერულ მეურნეობებზე, ბაღების გაშენებაზე, სამაცივრო მეურნეობებზე და ა.შ. მხოლოდ ამ კომპონენტის ფარგლებში მოზიდულია 444 მლნ ლარის ინვესტიცია და შეიქმნა თითქმის 13 ათასი სამუშაო ადგილი.
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ გააჩნია ე.წ. სახელმწიფო ქონების კომპონენტი, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ნაკვეთები, ნანგრევები, რომელიც საბჭოთა დროიდან უსარგებლოა, საინვესტიციო ვალდებულებებთან ერთად გადაეცემა მცირე ბიზნესს იმისთვის, რომ იქ ახალი საწარმოები შეიქმნას და დასაქმდნენ ადამიანები. ამ კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 117 პროექტი, მოზიდულია 182 მლნ ლარის ინვესტიცია და შეიქმნა თითქმის 10 ათასი სამუშაო ადგილი.