მომავალი სტილისტი, რომლის დახატულმა ლაშა-გიორგის პორტრეტმა ხელოვნების სასახლეში დაიდო ბინა

„როცა ფოტოს მიხედვით ვხატავ პორტრეტს, დიდხანს ვაკვირდები და ვცდილობ მასზე გამოსახული მზერის საშუალებით იმ ადამიანის ხასიათს ჩავწვდე“. როგორც ჩანს, თორნიკე ლაბაური ადამიანის ხასიათში ამ გზით წვდომას კარგად ახერხებს, რადგან მისი პორტრეტები სიღრმისეული და სახასიათოა.
Sputnik
სხვადასხვა დროს ქართველი მსახიობების არაერთი პორტრეტი აქვს შექმნილი. იყო იმ ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც ჩვენს არტისტებს სიცოცხლეში პატარა ზეიმს ჩუქნიდა. დღეს გახლავთ „მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ ნამდვილი წევრი.
თორნიკე ლაბაური
- თორნიკე, თქვენი ძირითადი საქმიანობა მხატვრობაა, მაგრამ ახლახან გადაწყვიტეთ, რომ სილამაზეს სხვა ფორმითაც ემსახუროთ...
- რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ, ძირითადად – პორტრეტებს. პირველად ვისი პორტრეტი დავხატე, ნამდვილად არ მახსოვს. ხატვის დროს ადამიანის სახეს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ ძველი ვარცხნილობის შეცვლით შემეძლო მისი სახე და ნაკვთები უკეთ წარმომეჩინა. ამიტომ არც ისე დიდი ხანია, გადავწყვიტე სტილისტობას დავეუფლო. ეს საქმე, რომელიც აუცილებელია და ძალიან შრომატევადი, ყოველთვის მაინტერესებდა და მიზიდავდა.
თორნიკე ლაბაური მსახიობ ლეო ანთაძის ბენეფისზე
- ვიცი, რომ არაერთ ცნობილ და საყვარელ ქართველს, ვისი პორტრეტიც დახატული გაქვთ, მეგობრებთან ერთად საღამო მოუწყვეთ...
- მე წილად მხვდა ბედნიერება, პირადად მქონოდა ურთიერთობა ბატონ ჯემალ ღაღანიძესთან, ბატონ ლეო ანთაძესთან და ქალბატონ თამარ სხირტლაძესთან. მათი საიუბილეო შემოქმედებითი საღამო-ბენეფისი მოვაწყვეთ იმ ორგანიზაციის დახმარებით, რომლის თანადამფუძნებელიც ვარ. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი იოანე ქართველია. ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ ხორციელდებოდა და მის ფარგლებში ღვაწლმოსილ ქართველებს პატარა ზეიმს ვჩუქნიდით.
თორნიკე ლაბაურის ნამუშევარი
- რა დაგამახსოვრდათ იმ პატარა ზეიმებიდან?
- დამამახსოვრდა, რომ ამ ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვთ, უბრალოებით გამოირჩევიან და მეგობრობის ნიჭიც უხვად აქვთ მომადლებული. მათთან ურთიერთობისას ბევრი მომენტი დამამახსოვრდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ჯემალ ღაღანიძე, რომელთანაც მე და იოანე ქართველი სტუმრად ხშირად მივდიოდით. ფინჯანი ყავის თანხლებით იგი თეატრალური ცხოვრების საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა.
მსახიობ თამარ სხირტლაძესთან ერთად
- თქვენ მიერ დახატული რომელი პორტრეტის ბედია გამორჩეული?
- აუცილებლად ვახსენებ ლაშა-გიორგის პორტრეტს, რომლის ბედი მართლაც გამორჩეულია. რამდენიმე კვირის წინ დამიკავშირდა ბატონი გიორგი კალანდია და სურვილი გამოთქვა, რომ ამ პორტრეტმა ხელოვნების სასახლეში დაიდოს ბინა. როცა ეს მითხრა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დღეს პორტრეტი უკვე სასახლეშია, ასეთი ფაქტი ყველა მხატვრისთვის დიდი პატივია.
ლაშა გიორგის პორტრეტი
- როგორც ვიცი, იგივე პორტრეტი ცნობილ ქართველებზე დაბეჭდილ წიგნში შევა...
- ჩემი ეს ნახატი არაჩვეულებრივი წიგნის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-14 ტომში იქნება. რა თქმა უნდა, ეს ფაქტიც ასევე პატივია ჩემთვის, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ გიორგი კალანდიას.
თორნიკე ლაბაურის ნამუშევარი
- პორტრეტის ხატვა ნატურიდან უფრო რთულია თუ ფოტოს მიხედვით?
- ნატურიდან არავინ დამიხატავს და ვერ გეტყვით. როცა ფოტოს მიხედვით ვხატავ პორტრეტს, დიდხანს ვაკვირდები და ვცდილობ ფოტოზე გამოსახული მზერის საშუალებით, ვისაც ვხატავ, იმ ადამიანის ხასიათს ჩავწვდე. ვიგრძნო ან მივხვდე ფოტოს გადაღების მომენტში რას განიცდიდა და როგორი განწყობა ჰქონდა. ჩემთვის ხატვის განწყობის შესაქმნელად აუცილებელია სიმშვიდე, მარტო ყოფნა და კლასიკური მუსიკა, საოპერო მუსიკა, რომელსაც სიამოვნებით ვუსმენ.
თორნიკე ლაბაურის ნამუშევარი
- როდესაც მსახიობების შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებაში იღებდით მონაწილეობას სცენაზე დგომის სურვილი არ გაგჩენიათ?
- მსახიობობაზე ჩუმად მიოცნებია და აუხდენელ ოცნებად დამრჩა. თუმცა საღამოს წამყვანობა არასოდეს მიცდია. დარბაზის წინაშე სცენიდან საუბარს სჭირდება სხვანაირი სითამამე, რაც მე არ გამაჩნია. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ საკმაოდ სიტყვაძუნწი ვარ.
თორნიკე ლაბაურის ნამუშევარი
- როგორ უნდა გადარჩეს ხელოვანი რთულ დროში?
- რა სჭირდება გადასარჩენად ხელოვანს? – საკმაოდ რთული და აქტუალური კითხვაა... ჩემი აზრით, საჭიროა ბევრი შრომა, შინაგანი ენერგიის ხარჯვა და შემოქმედებითი წვა. ამ ყოველივეს გარეშე ის ფიზიკურად და მორალურადაც დაიღუპება...