COVID-19 - ბოლო ცნობები

12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება: ვინ მოხვდება სიაში

ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ პირებისთვისაა დაშვებული.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია, სავარაუდოდ, რისკ-ჯგუფში შემავალი პირების აცრით დაიწყება, შესაბამის გადაწყვეტილებას იმუნიზაციის საბჭო უახლოეს დღეებში მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ქართველი სპეციალისტები ერთსულოვნები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყება.

„ჩვენი პოზიცია ჯერჯერობით არის ისეთი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ბავშვების ვაქცინაციას, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ მისთვის განსაკუთრებით სარისკოა კორონავირუსით ინფიცირება. საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი მოზარდების ვაქცინაციის პრეცედენტი უკვე გვაქვს, რამდენიმე ბავშვს კოვიდ-ვაქცინა უკვე გაუკეთდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსისგან ბავშვების დაცვის საშუალება მისი გარემოცვის ვაქცინაციაა. ამიტომ ის მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს.
ეპიდემიოლოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო.
როგორც გუშინ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, უახლოეს დღეებში საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: დირექტორებს მოვუწოდებთ, შეისწავლონ რამდენი მასწავლებელი და მშობელია აცრილი
ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანას ორი არჩევანი აქვს: პირველი – იხელმძღვანელოს ჯანმოს რეკომენდაციით და 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებში განახორციელოს, ან აირჩიოს მეორე გზა და აცრას 12 წელს ზემოთ ყველა მოზარდი მიუხედავად მათი ჯანმრთელობისა. ჩხაიძის თქმით, მეორე ვარიანტი აირჩიეს შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპის მრავალმა ქვეყანამ.
მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების (სამი წლიდან) ვაქცინაციას ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.