თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს დედაქალაქში წელსაც არ გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„ოქტომბრის დასაწყისში ყოველთვის იმართება ეს სახალხო დღესასწაული, რომელიც მართლა ძალიან უხდება ამ ქალაქს. სამწუხაროდ, შარშან ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამის ჩატარება. წელსაც გვაქვს იგივე პრობლემა არსებული პანდემიიდან გამომდინარე. დღესაც ვებრძვით ამ უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება, ამიტომ ვერც წელს გავმართავთ სადღესასწაულო ღონისძებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ონლაინ–რეჟიმში გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.
კალაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელ რიცხვში გაიმართება ონლაინ–დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი და აღნიშნა, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" იმართებოდა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
შარშან „თბილისობის" დღესასწაული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ–რეჟიმში კონცერტითა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით შემოიფარგლა.