საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში მიემგზავრება

უახლოეს დროს ის ასევე გეგმავს ერევანში გამგზავრებას, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოთხშაბათს ბაქოში გაემგზავრება.
„ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ილამ ალიევთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელთანაც გვაქვს კარგი ურთიერთობა და, რაც მთავარია, ნდობა ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ვიზიტის ძირითადი თემა „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ გახდება.
საქართველო მზად არის დაეხმაროს თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, უახლოეს დროს ის გეგმავს ერევანში გამგზავრებას, სადაც ამავე საკითხს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან განიხილავს.
24 სექტემბერს ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოდის წინადადებით – შეიქმნას „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ის გულისხმობს დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ბაქოსა და ერევანს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შექმნას.
საქართველომ ივნისში ხელი შეუწყო დაკავებული 15 სომეხი ჯარისკაცის გათავისუფლებას, ასევე აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში დანაღმული ველების რუკის გადაცემას.