RT-ს დაბლოკვა YouTube-ზე: კომპანიას ეუთოში სიტყვის თავისუფლების შესახებ შეახსენეს

დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ YouTube-ზე RT-ს დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის კანონების დარღვევის ნიშნებს შეიცავს
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ეუთოს (OSCE) წარმომადგენელი მასმედიის თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეირუ YouTube-დან RT ჯგუფის არხების დაბლოკვასთან დაკავშირებით გამოვიდა მოწოდებით, არ დაივიწყონ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ამის შესახებ РИА Новости-ს ეუთოს წარმომადგენლის ოფისში აცნობეს.

„ეუთოს წარმომადგენელს მასმედიის თავისუფლების საკითხებში სურს ხაზი გაუსვას, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებულმა მხარემ გაითვალისწინოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მასმედიის თავისუფლება და ინფორმაციაზე წვდომის უფლება არხიდან „აკაუნტის“ წაშლის გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ტრანსპარენტულობა გამოიჩინოს, როდესაც საქმე ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს ეხება“, – აღნიშნეს რიბეირუს ოფისში.

გუშინ მედიაჯგუფ Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ YouTube-მა RT-ს ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. როგორც „როსკომნადზორში“ აღნიშნეს, თუ Google უყურადღებოდ დატოვებს RT-ს YouTube-არხების განბლოკვის მოთხოვნას, მას ჯარიმა ემუქრება ერთი მილიონი რუბლის ოდენობით, ხოლო განმეორებითი უარის შემთხვევაში ჯარიმა სამ მილიონ რუბლამდე გაიზრდება. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ YouTube-ზე RT-ს დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის კანონების დარღვევის ნიშნებს შეიცავს: ეს უკავშირდება როგორც ცენზურას, ისე მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა YouTube-ის მოქმედება პოლიტიკური ცენზურის აქტად მიიჩნია და RT ჯგუფის არხების ნორმალური მუშაობის რეჟიმის დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა.