თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეების მშობლებს არჩევნის საშუალება მისცა – 4 ოქტომბერს ბავშვები სკოლაში ივლიან თუ ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე – online.emis.ge.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00–18:00 საათის შუალედში.
„ვინაიდან უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირაში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი“, – ნათქვამია განცხადებაში.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს.
28 სექტემბერი 2021, 16:46
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.